logo
ENG



"შეშფოთებული ვართ, დაუშვებელია" - რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე

02 მარ 202317:03
3 წუთის საკითხავი
 
"შეშფოთებული ვართ, დაუშვებელია" - რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები განცხადებას ავრცელებენ და რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ.

საბჭოები აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაა და მის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევენ.

"წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს. მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

ინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, საქველმოქმედო და რელიგიურ გაერთიანებებსაც კი "უცხოური გავლენის აგენტებად" ცხადებს და აკნინებს მათ მთელ საქმიანობას და როლს საზოგადოებაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის. კანონის მიღება პირდაპირ გამოიწვევს რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას.

კანონი შეაფერხებს საქველმოქმედო, სოციალური, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებას, დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს. განსაკუთრებითაა ხაზგასასმელი, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის (ნებისმიერი ფორმით) მიღება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო ინტეგრაციის მთელ პროცესსა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას. ყოველივე აქედან გამომდინარე, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონის მიღება მიგვაჩნია დაუშვებლად"- ნათქვამია განცხადებაში. 

რელიგიათა საბჭო

  1. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  2. საქართველოს ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია
  3. ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  4. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  5. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  6. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
  7. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  8. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  9. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  10. ბაჰაის საზოგადოება
  11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო 
  12. ხსნის არმია
  13. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  14. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია
  15. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  16. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
  17. საქართველოს ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესია
  18. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  19. საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
  20. საქართველოს ევანგელურ - ლუთერული ეკლესია

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო

  1. ელნურ ალისოი (ალიევი) - სოლიდარობის მუზეუმი
  2. ედგარ ბიტბუნოვი - კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი
  3. ქერიმ გუმბათლი - დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები
  4. ალექსანდრე ქავთარაძე - საქართველოს უდიები
  5. ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
  6. ზაზა კალაშოვი - საქართველოს ქურთული ასოციაცია "რონაი"
  7. გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი
  8. რაშან ზიადალიევი - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  9. სამირა ისმაილოვა - სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
  10. მარი მიქოიანი - ჯენერეიშნ აი
  11. ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  12. ბაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა
  13. რაინა ბელევა - საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო
  14. მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
  15. სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია
  16. ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
  17. ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდთა კავშირი
  18. აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  19. ვალენტინა მარჯანიშვილი - ქართულ-უკრაინული პრესის და წიგნის სახლი
  20. ჯეიხუნ ნარზალოვი (მუხამედალი) - წითელი ხიდი

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.

 

 


close დახურვა